ნინო ანანიაშვილი (დ. 19 მარტი, 1963, თბილისი) — ქართველი პრიმა-ბალერინა,საქართველოს სახალხო არტისტი (1989), რუსეთის სახალხო არტისტი (1995).
ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა ქ. მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, პედაგოგ ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.
1977 წელს მოსკოვში განაგრძო მეცადინეობა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში „კოპელია“ მისი სცენური დებიუტი შედგა . 1981 წელს ბოლშოის ბალეტში მიიღეს, როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.
ნინო ანანიაშვილმა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ჟიზელი“, „რომეო და ჯულიეტა“ (ლ. ლავროვსკისა და ი. გრიგოროვიჩის ვერსიები) „რაიმონდა“; „დონ კიხოტი“, „კორსარი“, „მაკნატუნა“ (ი. გრიგოროვიჩის დადგმა), „ბაიადერა“, „ოქროს საუკუნე“, „სილფიდა“, „ფარაონის ასული“, „შოპენიანა“, „პატარა პრინცი“ და სხვა.
1988 წლიდან ნინო ანანიაშვილი გამოდიოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. ის იყო პირველი მოცეკვავე, ანდრის ლიეპასთან ერთად, ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში „ნიუ-იორკ სიტი ბალე”, სადაც იცეკვა ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში „სიმფონია დო მაჟორი“, „აპოლო“, „რაიმონდა ვარიაციები“. იგი ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში(კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში.1993-2009 წლებში ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის (ABT) მიწვეული პრიმა-ბალერინა იყო. იგი შვედეთის,ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტე-კარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა საბალეტო სცენების ხშირი სტუმარია. არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, ზურაბ ანჯაფარიძისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი „ტრიუმფი“ მიენიჭა.
1997 წელს ნინო ანანიაშვილს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება.
1999 წლის დეკემბერში ნ. ანანიაშვილს გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი“.
2002 წელს ნინო ანანიაშვილი დასახელდა ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად, რომელიც ბალეტში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ჯილდოს წარმოადგენს.
ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში გადაუხადეს საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე.
2004 წლიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით ნინო ანანიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს.
2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად. ათი თეატრალური სეზონის განმავლობაში დასში მისი ხელმძღვანელობით ორმოცდაათზე მეტი საბალეტო სპექტაკლი და მინიატურა დაიდგა. დღეს რეპერტუარში არის როგორც კლასიკური სპექტაკლების ახალი რედაქციები, ასევე ბალანჩინის, ეშტონის, ბურნონვილის, კილიანის ბალეტები. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ გამოჩენილი თანამედროვე ქორეოგრაფები ალექსეი რატმანსკი, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, სტენტონ უოლში, იორმა ელო, ალექსანდრა ევთიმოვა, ტეტ კასკი და სხვები. საბალეტო დასი წარმატებით გამოვიდა გასტროლებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (2007, 2008 და 2010 წლებში), იაპონიაში (2008, 2012), ეგვიპტეში, იტალიაში, ესპანეთში, ეკვადორში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და მინსკში. 2008 წელს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე დასმა ჰერალდ ენჯელსის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.
საბალეტო დასის ხელმძღვანელობასთან ერთად ნინო ანანიაშვილი განაგრძობს აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას. მისთვის თბილისში ალექსეი რატმანსკიმ დადგა ერთმოქმედებიანი ბალეტი „ბიზე ვარიაციები“. მან მიიღო უფლება, ეცეკვა ფრედერიკ ეშტონის ბალეტში „მარგარიტა და არმანი“, რომელიც ინგლისის სამეფო ბალეტში მარგო ფონტეინისა და რუდოლფ ნურიევისთვის დაიდგა. ბალეტის პრემიერა 2008 წლის 9 მაისს გაიმართა.
2007 წელს ნინო ანანიაშვილი, ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის საქართველოში, არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად.
2011 წელს იტალიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით. [1]
2012 წელს თბილისში, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით, აღინიშნა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე.
მეუღლე - გრიგოლ ვაშაძე, დიპლომატი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2008-2012), ქალიშვილი - ელენე ვაშაძე (დაბადებული 2006 წელს).
No comments:
Post a Comment